კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გიორგი შენგელაიას წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჯი-ეიჩ-ენი" სამინისტროს პოზიციას გტავაზობთ უცვლელად:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 18 ივნისის N 1102 განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა ქართული კინოს განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება. სამთავრობო კომისიაში შედიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე. კომისიის მუშაობის მსვლელობაში ასევე, მოწვეულნი იქნებიან სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები და ექსპერტები.
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
კომისიის რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაზეთ „ალიაში" (2014 წლის 9 ივლისი) გამოქვეყნდა კრიტიკული ინტერვიუ რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან სათაურით - „გიორგი შენგელაია გურამ ოდიშარიას ომს უცხადებს". სტატიაში ცნობილი რეჟისორი რამდენიმე უსაფუძვლო ბრალდებას აქვეყნებს კულტურის მინისტრის მიმართ და უნდობლობას უცხადებს ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის სამთავრობო კომისიას.
გარდა ამისა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოვიდა განცხადება-მიმართვა, სადაც „ქართული ფილმის თანამშრომლების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი შენგელაიამ, კინოსტუდიის თანამშრომელების სახელით, ოფიციალურად დააფიქსირა „კომისიის აცილება" და კომპეტენცია დაუწუნა.
გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს რეჟისორი გიორგი შენგელაია „ქართული ფილმის თანამშრომლების" სამეთვალყურეო საბჭოს სახელით მაშინ, როცა თავად საბჭოს წევრები მიმართავენ სამთავრობო კომისიას, რომ გიორგი შენგელაიას წერილი მსჯელობის საგანი არ გახადოს, კომისიას უცხადებენ ნდობას, მისგან ელიან კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს და მზადყოფნას აცხადებენ თანამშრომლობისთვის.
გაუგებარია ისიც, თუ რატომ გაუჩნდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ასეთი განცხადების დაწერის სურვილი, როცა სწორედ ის იყო პირველი კინემატოგრაფისტი, ვისაც თანამშრომლობითვის კომისიამ შექმნისთანავე მიმართა.
კინოსტუდია „ქართული ფილმის" წლების განმავლობაში დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემების ერთ დღეში მოგვარება და ისიც მხოლოდ კინოხელოვანთა მეშვეობით - შეუძლებელია. კინოსტუდიის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა ის არასოდეს შემოდიოდა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. რადგანაც კომისიის მიზანი ქართული კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სწორედ ამიტომ შეიქმნა ასეთი მრავალმხრივი სამთავრობო კომისია. სამუშაო პროცესი გამჭვირვალეა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.
დასანანია ასევე, გიორგი შენგელაიას სტატიაში გამოთქმული პრეტენზიები ახალგაზრდა რეჟისორების მისამართითაც, როცა მათ შემოქმედებას უწუნებს; დასანანია, რომ ასეთ სახელოვან რეჟისორს არ სურს დაინახოს ის სასიკეთო ნაბიჯები, რომელიც „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის" მიერ გადაიდგა. ქართული კინემატოგრაფის მომავალი უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოს სტანდარტებს, ეყრდნობოდეს სწორ ორიენტირებს და სამუდამოდ დასრულდეს „საბჭოური" დამოკიდებულება, როცა ერთპიროვნულად წყდებოდა შემოქმედთა დაფინანსების ბედი.
როგორც ჩანს, გიორგი შენგელაია უარყოფს თანამედროვე ტენდენციებს და სწორედ ამიტომაც იწყებს ომს კულტურის სამინისტროსთან და უნდობლობას უცხადებს ქართული კინოს ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას", ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.