საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის მოწვევით, თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ევროპის ტაეკვონდოს გაერთიანების პრეზიდენტი - ათანასიოს პრაგალოსი. პრაგალოსის განცხადებით, 80 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის თბილისში გაიმართება.
ეს გადაწყვეტილება, პრაგალაოსმა საქართველოში ვიზიტისას ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტ - გიორგი კოროხაშვილთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურთან და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ - გია ნაცვლიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ტაეკვონდოს ევროპის გაერთიანების ხელმძღვანელი თბილისში 24 მარტს ჩამოვიდა. დღეს, სტუმარმა ქართული სპორტის ხელმძღვანელებთან ერთად დუშეთის ოლიმპიური ბაზა მოინახულა, სადაც შეკრებას სხვებთან ერთად ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები გადის. პრაგალოსმა ასევე თბილისის სპორტის სასახლე დაათვალიერა და ნანახით კმაყოფილი დარჩა.
" მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. ვნახე სპორტული ობიექტები და დავრწმუნდი, რომ შესაძლებელია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოთ. შევხვდი სპორტის დეპარტამენტის და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს და მათი მახარდაჭერაც დავინახე, რაც ძალიან კარგია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთი ქართველი სპორტსმენი მაინც მოხვდეს ოლიმპიადაზე. ამისთვის საჭიროა ყველა ერთად დავდგეთ. ჩემი მხრიდან მონდომებას არ დავაკლებ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას საქართველოში, გეტყვით რომ ამის შანსი საკმაოდ დიდია და ამჟამად 80% შეადგენს", - აღნიშნა ათანასიოს პრაგალოსმა.
ვიზიტის დასასრულს, ათანოსოს პრაგალოსი ვაშლიჯვარში მდებარე სასტუმრო - "ბომონდ გარდენში" საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის წევრებსა და ტაეკვონდოს ქართულ საზოგადოებას და ჟურნალისტებს შეხვდა.
"ათანასიოს პრაგალოსი ნანახით კმაყოფილი დარჩა. ჩვენი მიზანია, რომ მათი მითითებები მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოს ნაკრები სათანადო დონეზე იყოს მომზადებული, რადგან უბრალოდ სირცხვილია ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდეს და ჩვენ მედლის მოპოვება ვერ მოვახერხოთ. სიახელა ისიც, რომ საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებზე უკვე ორი მსაჯი გამოვა", - გიორგი კორახაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები