7 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი კომისიის რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა.
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1102 განკარგულების თანახმად, შეიქმნა ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომლის ძირითადი ამოცანა ქართული კინოს განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა. კომისიის ფარგლებში შემუშავებული გეგმის მთავარი პრიორიტეტია ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობა, ეროვნულ დონეზე კინოსექტორის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა. სწორედ ამიტომ, კომისიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, კინოსექტორის წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების გამართვა, კინოინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა, ეროვნული კინოს განვითარების თაობაზე ახალი წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა, ამასთან ქართულ და მსოფლიო კინოინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების გზით:
ქართული კინოს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე კონკრეტული წინადადებების შემუშავება;
შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების მიზნით წინადადებების შემუშავება.
9 ივლისს დაგეგმილია ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან. ამასთან, კომისია მზად არის ქართული კინოს სამომავლო განვითარების შესახებ კინოორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, ასევე ინდივიდუალური წესით წარმოდგენილი წინადადების/რეკომენდაციის/კონცეფციის /თვალსაზრისის განსახილველად, რისთვისაც გთხოვთ მიმართოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული კინოს ხელშემწყობი კომისიის საორგანიზაციო ჯგუფს ელექტრონულ მისამართზე: cinemacommission@gmail.com