12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.
მანამდე ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დააყენა წინადადება არჩევნების მეორე ტურის 16 ივლისს გამართვის შესახებ, თუმცა კომისიის წევრებმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს.
12 ივლისს თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის, გორის, მცხეთის, ოზურგეთისა და თელავის მერებისა და თვითმმართველი თემების: ახმეტის, ყვარლის, გორის, თიანეთის, მარტვილის, ქობულეთის, ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, ლანჩხუთის, თერჯოლის, თელავისა და ხულოს გამგებლების არჩევნების მეორე ტური ტარდება.
თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ერთმანეთს კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.
სხდომაზე ასევე გაფორმდა არჩევნების პირველი ტურის საბოლოო ოქმი, რომლის მიხედვითაც, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხმების 50,48%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 22,48 პროცენტი, ხოლო "ნინო ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ" 10,22% მიიღო.