სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც ბავშვთა რეინტეგრაციის და მინდობით აღზრდის ფინანსურ სუბსიდიებს განსაზღვრავს.
კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს სახალხო დამცველი „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების 103 მუხლის „ა" და „ბ" ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სადავო აქტის მიხედვით, ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა წარმოადგენს თვეში 90 ლარს ჯანმრთელი ბავშვისთვის, ხოლო 130 ლარს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. თუ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ნაცვლად ბავშვი გადაყვანილი იქნება მინდობით აღსაზრდელად, ანაზღაურება წარმოადგენს 15 ლარს ერთ კალენდარულ დღეზე (თვეში 450-465 ლარი) ჯანმრთელი ბავშვისთვის და 20 ლარს ერთ კალენდარულ დღეზე (თვეში 600-620 ლარი) - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის.
საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, აღნიშნული რეგულირება ქმნის სიტუაციას, სადაც ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად - ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახურ გარემოში აღზრდისთვის, ბიოლოგიური ოჯახი, მეურვე ან მზრუნველი იღებს თითქმის ხუთჯერ ნაკლები ოდენობის თანხას მინდობით აღმზრდელ ოჯახთან შედარებით, რაც უთანასწორო მოპყრობის აშკარა შემთხვევაა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორი მოპყრობის პრინციპს.
საკონსტიტუციო სარჩელი დამატებით შეიცავს დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. კერძოდ, სარჩელის დასაბუთების მიხედვით, ამგვარი სახელმწიფო პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად მეტ სტიმულს აძლევს უცხო ოჯახებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახურ გარემოში აღსაზრდელად, ვიდრე მის ბიოლოგიურ ოჯახს, რომელიც შესაძლოა ზუსტად ფინანსური პრობლემების გამო ამბობდეს ბავშვის აღზრდაზე უარს. ეს, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რაც გამონაკლისი გარემოებების გარდა ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან დატოვებას მოითხოვს, მეორე მხრივ კი უგულებელყოფს ბიოლოგიური მშობლების საჭიროებებს და მათ მიზეზებს ბავშვზე ზრუნვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს დეკლარირებული მიზანი ბავშვის კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში მათი ეინსტიტუციონალიზაცია და მიტოვების პრევენციაა, აშკარაა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მშობლისთვის უფრო ცუდი პირობების შეთავაზება, ვიდრე უცხო ოჯახისთვის, მიზნის მიღწევის გონივრულ საშუალებას არ წარმოადგენს.