შსს ,,ნაცმოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი უწყების დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
,,ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და მსგავსი განცხადებების გაკეთება ემსახურება სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას აგრძელებს და ამის დასტურია მონაცემები და ის ღონისძიებები, რომელიც სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა.ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ 2 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, 2013 წელს - 1 ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდათ ე.წ. ქურდულ სამყაროში და ჰქონდათ კავშირები საზღვარგარეთ მყოფ სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე, ძებნა არის გამოცხადებული 1 ე.წ. კანონიერ ქურდზე.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი - 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, დააკავეს ქურდული სამყაროს მხოლოდ 10 წევრი, და არც ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი არ დაუკავებიათ", _ნათქვამია შსს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობა" ხელისუფლების წევრებსა და კრიმინალური სამყაროს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენცია.
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემუშავებულია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთთანამშრომლობის შემდეგი სისტემა: საქართველოს შსს რეგულარულად ახდენს სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში) დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში დეპორტაცია-ექსტრადიციის ინიცირებას. რეალურად, საქართველოს შსს ხელშეწყობით არ ხდება მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამის ნაცვლად, ხდება მათი გადამისამართება თურქეთში. ამავდროულად, თურქეთში გადაფრენამდე, თბილისის აეროპორტში მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების წრეში რამდენიმე საათიანი ქეიფის და დროსტარებისა. გამონაკლის შემთხვევებში ხდება ამ პირების საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთის დაფიქსირების გარეშე რამდენიმე დღით შემოყვანა და შემდეგ ისევ თურქეთში გამგზავრება.კრიმინალებს ეს სიამოვნება 50 000 ათასი აშშ დოლარი უჯდებათ. ჩვენი ინფორმაციით, აეროპორტში „მომსახურებას" შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველო კურირებს. ამის შემდეგ, უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ჩადიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ავტორიტეტებს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ, მაყურებელთა ჩანერგვის მეშვეობით, ციხეებზე კონტროლის განხორციელებაში დახმარებას სთხოვენ", _განაცხადა თარგამაძემ.
მისივე განცხადებით, სამართალდამცავთა და კრიმინალის ამგვარი ურთიერთთანამშრომლობა იწვევს კრიმინალური მდგომარეობის უკიდურეს დამძიმებას, სრულ დაუსჯელობას.
,,მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას", _აცხადებს თარგამაძე.