ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორგე ბრენდემ საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა და ხაზი გაუსვა შეთანხმების მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით.
როგორც, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „აღმოსავლეთის პარტნიორობის" პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი ექვს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. ამ პროცესში მეტი პრივილეგია ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიის გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების დაცვზე, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე, კარგ მართვსა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებზე მუშაობენ.
„ის რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ხელს აწერენ ასოცირების ხელშეკრულებას, ნიშნავს რომ მათ სურთ რეფორმების გატარება და იმ ღირებულებების მიღება, რომლებიც ეროკავშირსა და ნორვეგიაშია მიღებული. იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი - შეთანხმების პუნქტების რეალობაში გადმოტანა და განხორციელება" - განაცხადა ევროპული საკითხების კოორდინატორმა, ვიდარ ჰელგესენმა.
ნორვეგია მხარს უჭერს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის" პოლიტიკას, თანამშრომლობს ევროკავშირთან და ასევე პარტნიორ ქვეყნებთან რეფორმების გატარების საკითხში.
„ამ ქვეყნების ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ინტეგრაცია ნორვეგიის ინტერესებში შედის. მჯერა, რომ ინტეგრაციის უფრო მაღალი დონე ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და მშვიდობას" - განაცხადა ჰელგესენმა.