„მეხორბლეთა ასოციაცია" იმპორტირებული ფქვილის ხარისხის გაკონტროლებას ითხოვს. მთავარი აქცენტი კი მაინც რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე კეთდება, სადაც ოფიციალურად აღიარებენ, რომ ბაზრის უდიდესი ნაწილი უკვე უხარისხო წარმოებას უკავია.
რუსეთის ფქვილის მწარმოებლები საკუთარ ხელისუფლებას ბაზარზე უხარისხო პროდუქციის მოხვედრის აღკვეთისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, სახელმწიფოს სტრუქტურებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა ბაზარზე არ მოხვდეს უხარისხო და სიცოცხლისთვის სახიფათო პროდუქცია. მწარმოებელთა განმარტებით, ამჟამად ბაზარზე კუსტარულად ფქვილის მწარმოებელთა ხვედრითი წილი 40 %-ს შეადგენს. რუსეთში ფქვილს მაღალტექნოლოგიურ საწარმოებთან ერთად კუსტარული საამქროებიც აწარმოებენ, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქცია ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და რადგანაც მათ არ გააჩნიათ ტექნოლოგიური ლაბორატორიები ასეთი საწარმოები უნდა აიკრძალოს - მიიჩნევენ ფქვილის მწარმოებელთა კავშირში.
კავშირის შეფასებით, მიმდინარე პერიოდისათვის კუსტარული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციით, წარმოებული პური ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგანაც მასში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა დაუშვებელი ქიმიური ნივთიერებები.
„მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ლევან სილაგავა აცხადებს, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთიდან საქართველოში უხარისხო ფქვილის იმპორტი არ ხდება.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ფქვილის იმპორტი ხარისხობრივ კონტროლს დაექვემდებაროს. უკვე გვაქვს იმის მაგალითები, რომ თავად რუსები აღიარებენ იმას, რომ წარმოებული ფქვილის 40 %-ი უხარისხოა და გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს ფქვილი საქართველოში არ შემოდის. უკრაინაში და რუსეთში ჩრდილოვანი ეკონომიკაა და ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს"- აცხადებს სილაგავა.
„მეხორბლეთა ასოციაციის" ხელმძღვანელის განმარტებით, წლების წინ საბაჟოზე ფქვილის შემოწმების რეჟიმი საერთოდ მოიხსნა. აქედან გამომდინარე ქვეყანაში ფქვილის იმპორტმაც მოიმატა, რადგანაც იმპორტიორებმა იცოდნენ, რომ ხარისხი არ კონტროლდებოდა.
„ამის შემდეგ პრობლემაზე ჩვენ გვქონდა გარკვეული საუბარო მთავრობასთან და იყო გარკვეული მექანიზმი, როდესაც წინასაიმპორტო ნებართვებს თხოულობდნენ. ფაქტია, რომ ოდნავ დაცულები ვიყავით. ამის შემდეგ არის გარდამავალი პერიოდი, სურსათის უვნებლობის სამსახური მუშაობს ამ მიმართულებით და სურთ, რომ გაკონტროლდეს, როგორც ფქვილის ასევე ყველა პროდუქტის ხარისხი. საბაჟოზე იმპორტის კონტროლის მექანიზმი, როგორც ვიცი დღეს საბაჟოს პრეროგატივაა. მინდა ავღნიშნო, რომ ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობდნენ კვერცხის მწარმოებლებიც"- აცხადებს „მეხორბლეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი.
„მეხორბლეთა ასოციაციაში" პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება მიაჩნიათ.
„ვითხოვთ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას. საუბარი არ არის მხოლოდ იმპორტირებულ ფქვილზე, საუბარი გვაქვს ადგილობრივ წარმოებაზეც. რაც აწერია ფქვილს ის ხარისხი უნდა იყოს. ტექნიკური რეგლამენტებით კი განისაზღვრება რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ხარისხი. ხშირად ხდება, როდესაც ტომარას აწერია უმაღლესი ხარისხი, თუმცა რეალურად პროდუქცია პირველი ხარისხისაა, თუმცა იყიდება უმაღლესი ხარისხის ფასად"- აცხადებს სილაგავა.
„საქსტატის" მონაცემებით, ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ფქვილის იმპორტი მზარდია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს საქართველოში რუსეთიდან 0,9 ტონა ფქვილის (ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის) იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც 0,5 ათასი დოლარი იყო. 2012 წელს რუსეთიდან საქართველოში 24,5 ტონა ფქვილი შემოვიდა, 2013 წელს კი 4 428,0 ტონა. რაც შეეხება 2014 წლის მიმდინარე პერიოდს (იანვარი მაისი) რუსეთიდან საქართველოში უკვე შემოტანილია 4 978,7 ტონა ფქვილი.