აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს შესაძლო შეთანხმებაზე, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ Axios სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს, ეს მოლაპარაკებები პირდაპირ მიმდინარეობდა თუ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით.
მათ ამასთან, აღნიშნეს, რომ გაურკვეველი რჩება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა.
ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ შესაძლებლობას განიხილავს როგორც ადმინისტრაციის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფ ოფიციალურ პირებთან.
ოთხშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სრუტე გაიხსნება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უარყო ტრამპის განცხადება.