დღეს, 26 მარტს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა "სიყვარული ქართულ კინოში" გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "მაგთიდან" აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყობა სპეციალური მედიატურიც და გაიმართება ღია ბარათების სასაჩუქრე კომპლექტის პრეზენტაცია.
გარდა ამისა, მაგთის თანადგომით, კიდევ ერთი გამოფენა, სახელწოდებით "სიყვარული ქართულ კინოში" გაიხსნება ხვალ, 27 მარტსაც, სადაც წარმოდგენილი იქნება კადრები ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფილმებიდან, რომლებიც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ქართული სიყვარულის თავბრუდამხვევ ტალღაში გაახვევს დამთვალიერებელს".
"სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა სიყვარულის თემატიკაზე ღია ბარათების კომპლექტი. ბარათები გაცოცხლებულია ათასგვარი აქსესუარით. მათზე დაწერილი ციტატებით ბევრი შეყვარებული გაუმხელს თავის სათქმელს სატრფოს ერთაოზისა და მარგალიტას, გედიასა და მარიტას, ქეთოსა და კოტეს, აგულისა და გლაფირასა, სოსოიასა და ხატიას და სხვა პერსონაჟთა ენით", - აცხადებენ "მაგთიში".
გამოფენის გახნას ქართული კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის თვალსაჩინო მოღვაწეები, ასევე მთავრობის და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები დაესწრებიან.