„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2014 წლის 29 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების მონიტორინგს 9 საარჩევნო ოლქში ახორციელებს 14 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 9 ოლქის დამკვირვებლისა და 4 მობილური ჯგუფის მეშვეობით.
„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი დარღვევების გარეშე ჩატარდა.
მათივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა პარტიებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 1 ფაქტი, ქობულეთის #34 საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული წარმომადგენელი. საუბნო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის შედეგადაც არაუფლებამოსილმა პირმა დატოვა საარჩევნო უბანი.
„სამართლიანი არჩევნები" პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.
"სამართლიანი არჩევნების" შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 21:15 წუთზე
„სამართლიანი არჩევნების" მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა" (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.
ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.