საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის აღნიშვნა სტოკჰოლმში
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა სტოკჰოლმშიც აღნიშნეს. შვედეთში საქრთველოს საელჩომ, მოლდოვასა და უკრაინის საელჩოებთან ერთად, ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობაში - „ევროპის სახლში" საზეიმო მიღება გამართა.
მიღებას შვედეთის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და შვედეთში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ.
დამსწრეებს მიესალმნენ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე პერ ვესტერბერი, საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, უკრაინისა და მოლდოვას ელჩები. მათ აღნიშნეს ამ ისტორიული დღის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვეს, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით ევროკავშირსა და სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებში თვისობრივად ახალი ეტაპი იწყება.
დარბაზში არსებულ კინოეკრანზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ბრიუსელში შეთანხმებაზე ხელმოწერის ამსახველი კადრები და მოკლე ფილმი საქართველოს შესახებ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.