საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, ლიტვაში საქართველოს საელჩომ, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოლდოვის და უკრაინის საელჩოებთან ერთად, საზეიმო ღონისძიება გამართეს.
საზეიმო მიღებას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ცნობილი ლიტველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვიტაუტას ლანდსბერგისი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, ასევე სეიმის და მთავრობის წევრები და ლიტვაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კინოეკრანზე ეხილათ 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ამსახველი კადრები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ. ელჩმა აღნიშნა, რომ 2014 წლის 27 ივნისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში, როგორც დღე, როდესაც საქართველო უბრუნდება თავის ბუნებრივ გარემოს - ევროპას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ლიტვის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი და საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა ლიტვის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის. "აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ისტორიული დატვირთვის მატარებელი მოვლენა იყო, რადგან სწორედ ვილნიუსის სამიტის შემდგომ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა", - განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.
ღონისძიების ფარგლებში მისალოცი სიტყვით გამოვიდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. მან ხაზი გაუსვა, რომ ლიტვა გააგრძელებს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მხარდაჭერას მათ ევროპულ არჩევანში და რომ ლიტვური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს გაუზიაროს მისი ქვეყნის გამოცდილება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.