სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ეხმიანება და საქართველოს მოსახლეობას ულოცავს ისტორიულ დღეს.
„გილოცავთ ჩემო ევროპელო ქართველებო! დღეს ვიზეიმოთ, დღეს ვიამაყოთ. არავინ არ გავლანძღოთ და მადლობისთვის არავინ დაგვავიწყდეს.დილიდან ვნერვიულობთ, სასიამოვნოდ ოღონდ. საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე დადგა, შენს ქვეყანას წარმოადგენ, ყველას წინაშე წელგამართული - ერის მამების თუ ჩვენი შვილების და როგორ არ ვინერვიულო?! არც ევროკავშირის წინაშე ვართ ვალში. ამ საზეიმო დღეს დილიდან გმირი ანწუხელიძე გამახსენდა. მადლობა მას! მადლობა თავგანწირვისთვის! მადლობა ძალის, მაგალითის მოცემისთვის! სულ თვალწინ მიდგას ლევან მიქელაძე. მისი შეუდრეკელი სახე ეუთო-ში გამოსვლის დროს, კეთილი ღიმილი ვაშინგტონში თეთრ სახლში შეხვედრის, თუ თბილისის ქუჩებში პატარა თუ დიდი ევროპელი ქართველების მხარდამხარ. მადლობა ლევანს! გილოცავთ ჩემო ევროპელო ქართველებო! დღეს ვიზეიმოთ, დღეს ვიამაყოთ, არავინ არ გავლანძღოთ და მადლობისთვის არავინ დაგვავიწყდეს! საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და ომახიანად მიმართა ევროკავშირს, მიმართა თავის ერს მშობლიურ ენაზე. მამული, ენა, სარწმუნოება - ასე მოვედით ამ დღემდე და ასე შევდივართ ყველაზე ძლიერი გაერთიანების მთავარ შესასვლელში. გილოცავთ! ", _აცხადებს პეტრიაშვილი.