პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მარგველაშვილი სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც ეს უსასტიკესი და ბარბაროსული დანაშაული საკუთარ თავზე გამოსცადა. ,,ჯი-ეიჩ-ენი" პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე აღინიშნება.დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, ვინც ეს უსასტიკესი და ბარბაროსული დანაშაული საკუთარ თავზე გამოსცადა.ამავე დროს, საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: რა ვითარებაში ყალიბდება ადამიანში სისასტიკე? როგორ აღმოვფხვრათ საბოლოოდ პირობები, რომლებიც ასევე გარემოებათა მსხვერპლს, ადამიანთა შორის სულიერად ყველაზე უსუსურს-მოძალადეს წარმოშობს? ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა - გარდავქმნათ ჩვენი თანაცხოვრება ისე, რომ არავის გაუჩნდეს მსგავსი მისწრაფებები.უმთავრესი, რამაც შეიძლება სამუდამოდ ისტორიად აქციოს წამების პრაქტიკა, არის თითოეული ჩვენგანის ნება და ფხიზელი პოზიცია, მაღალი სამოქალაქო ღირსება, რომელიც ადამიანის თავისუფლებას ხელშეუხებელ და უზენაეს ფასეულობად აღიარებს", _ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.