იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის წევრთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც განცხადებები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კომისიის სამდივნოს მიაწოდეს.
მოისმინეს, ასევე, ინფორმაცია პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღმოჩენილ დარღვევებზე დაწყებულ და უკვე დასრულებულ გამოძიებებთან დაკავშირებით.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოში, ძირითადად, შემოსული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის"; „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის", „მედიის განვითარების ფონდისა" და „არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებები.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე განმარტავს, კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა. კომისიის წევრებმა ყველა განცხადება განიხილეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ კი ყველა შემოსულ წერილზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
„ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განცხადებები. სამდივნოში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე რეაგირება უკვე გაკეთებულია. განვიხილეთ პროკურატურასთან ერთად ყველა ის განცხადება, რომლებშიც აღმოჩნდა ან არ აღმოჩნდა დანაშაულის ნიშნები. მარნეულის 57-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა აქამდე საქართველოში, როცა გაყალბების გამო პასუხისგებაშია მიცემული კომისიის თავმჯდომარე, მისი
]მოადგილე, წევრები, ამომრჩევლები. ძალიან დიდი ძალისხმევა და სამუშაო აქვს ჩატარებული სამართალდამცავ ორგანოებს ამ კუთხით. უკვე დაწყებული გამოძიებები მიმდინარეობს კანონით დადგენილ ვადებში. დღეს ეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმისთვის, რომ უკვე გაფართოებულ ფორმატში, რომელიც დაინიშნება 1 ივლისს, უწყებათაშორისმა კომისიამ კონკრეტული შედეგები წარადგინოს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
უწყებათაშორისი კომისია თავის მომდევნო სხდომას გაფართოებულ ფორმატში სათათბირო ხმის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით 1 ივლისს გამართავს.