საქართველოს მთავრობაში აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხს ლობირებენ, სერიოზულად მუშაობენ ამ მიმართულებით და ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს არაფერი ხდება. სინამდვილეში კი ხდება ის, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან აფხაზეთის აღიარების მანიშნებელი იქნება. განცხადება ამის შესახებ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ გააკეთა.
„ივანიშვილი, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში მან განაცხადა თანხმობა რკინიგზის გახსნაზე. მაშინ ვთქვი, რომ ერთადერთი ვინც ამას შეეწინააღმდეგებოდა იქნებოდა ალექსანდრე ანქვაბი და ასეც მოხდა. მაშინ საქართველოს მთავრობა მომხრე იყო, რუსეთი მომხრე იყო, სომხეთი მომხრე იყო. ეს პროექტი მაშინ ჩავარდა არა საქართველოს მოთხოვნით არამედ აფხაზეთის მოთხოვნით.
მაშინ თუ არ ვცდები კალაძემ გააკეთა განცხადება და თქვა რომ ჩვენ პროცესი შევაჩერეთო, სინამდვილეში მათ პროცესი კი არ შეაჩერეს, აფხაზებმა გაუჩერეს",_ აცხადებს დავითაია და აღნიშნავს, რომ ახლა ელოდებიან რაულ ხაჯიმბას მოსვლას ხელისუფლებაში, რომელიც რკინიგზის თაობაზე თანხმობას მისცემს.
„საქართველოდან პრობლემა არ იქნება ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ამას მე ვხედავ ღიად უკვე, მით უფრო იმ ხელშეკრულების შემდეგ რაც გაფორმდა სომხეთთან ეს პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება.
იქნება გახმაურებული ეკონომიკური სარგებელი ამ პროექტისა რეალურად კი ეს იქნება დამოუკიდებლობის საბოლოო აღიარება.
მარტივ კითხვას დავსვამ: ტვირთი რომელიც გადავა ენგურზე ან ადამიანი, რომელიც გადაკვეთს ენგურს მატარებლით, როგორ გგონიათ ვისი ბეჭედი ექნება მას პასპორტში? და თუ ეს გახდა რუსეთი და თუ ენგურზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის ფედერაციის საზღვარი მაშინ საერთოდ მოხსნილია პრობლემა.
ვიცი, რომ საქართველოს მთავრობაში ამ საკითხს ლობირებენ, სეიროზულად მუშაობენ ამ მიმართულებით და ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს არაფერი არ ხდება. სინამდვილეში კი ხდება ის, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან აღიარების მანიშნებელი იქნება",_ აცხადებს "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია „ჯი-ეიჩ ენთან" საუბარში.