24 ივნისს, 18:00 საათზე, „ბრავო რექორდსში" ირაკლი ჩარკვიანის ალბომის - "The best of King" პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, "ბრავო რექორდმა" უკვე დაასრულა ირაკლი ჩარკვიანის უნიკალურ პროექტზე მუშაობა - გამოიცა CD ალბომი სახელწოდებით "The best of KING", რომელშიც ირაკლი ჩარკვიანის 11 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი და ასევე, მსმენელისათვის ნაკლებად ცნობილი 5 ბონუს-სიმღერაა შესული.
გარდა საუკეთესო და ბონუს-მუსიკალური ნაწარმოებებისა, CD ალბომის დიზაინი განსხვავებული და ორიგინალური ფორმით არის წარმოდგენილი, რომლის კონცეფცია ქეთათო პოპიაშვილსა და დავით მაჭავარიანს (კაკადუ) ეკუთვნის. ალბომის სრული ტირაჟი სპეციალური შეკვეთით უკრაინაში დაიბეჭდა. CD ალბომს თან ერთვის ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო ლექსების, ექსკლუზიური ფოტოებისა და ჩანაწერების მინი კატალოგი.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი დაესწრება. ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან ირაკლის მეგობრები, ოჯახის წევრები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, ჟურნალისტები და სხვ. ალბომის წარდგენის შემდეგ რობი კუხიანიძე იქვე შეასრულებს ახალ CD ალბომში შესულ ირაკლის ერთ-ერთ ჰიტს.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ მაღაზიებში დღემდე ირაკლი ჩარკვიანის არც ერთი ალბომი არ არის გაყიდვაში. ამიტომ ახალი ალბომით - The best of KING, სადაც „ბრავო რექორდსმა" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თავი მოუყარა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრებს, მსმენელს ერთიანი წარმოდგენა შეუქმნება შემოქმედზე.
CD ალბომი 24 ივნისიდან „ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება (მაღაზია „გურუ", ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები და ა.შ.)
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო სპონსორები: „კავკასუს ონლაინი" და „პე-ეს-პე". პროექტის ოფიციალური მზღვეველი კი სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფია".