23 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ნოდარ ანდღულაძის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა პირველი ეროვნული კონკურსის ლაურეატთა გალა კონცერტი გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად კონკურსის მხარდამჭერია „თი-ბი-სი ბანკი" და ასოციაცია „ლირა".
ნოდარ ანდღულაძის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა პირველი ეროვნული კონკურსი ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზებით აპრილში ჩატარდა. კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდა. მასში მონაწილეობდა თელავის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურისა და თბილისის სამუსიკო სკოლების 80-მდე მოსწავლე. მეორე ტურიდან ბავშვები სამ ასაკობრივ კატეგორიაში (8-დან 12-მდე, 13-დან 17-მდე, 18-დან 23 წლამდე) შეირჩნენ. გამარჯვებულები პირველი, მეორე, მესამე პრემიითა და გრან-პრით დაჯილდოვდნენ.
გრან-პრი ქუთაისელ გიორგი სტურუას გადაეცა.
ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი მსგავს კონკურსებს რეგულარულად ატარებს. გასულ წელს სასწავლებელმა საორკესტრო საკრავებზე ახალგაზრდა შემსრულებელთა პირველი ეროვნული კონკურსი მოაწყო. მომავალ წელს დაგეგმილია კამერული მუსიკისა და საგუნდო მუსიკის ეროვნული კონკურსების ჩატარება. აღნიშნული კონკურსები მონაცვლეობი, სამ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.
ნოდარ ანდღულაძის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა პირველი ეროვნული კონკურსის ლაურეატთა გალა კონცერტს დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აგრეთვე, სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამუსიკო სასწავლებლების პედაგოგები და მშობლები.