,,ქართული ოცნება" ,,ნაცმოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება და მას აბსურდულს უწოდებს.როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჩკორმა განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა" არ იშლის ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობას.
,,გიგი უგულავას განცხადება, თითქოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ცესკო-ზე არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური აბსურდი. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები არის უპრეცენდენტო ჩვენი ქვეყნისთვის. წელს პირველად საქართველოს ისტორიაში, კანდიდატებს მოუწიათ 50%-ანი ბარიერის დაძლევა, რიგ შემთხვევებში კი, ხმების სულ რაღაც 2-3% დაკლების გამო, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. სახელისუფლებო გუნდს რომ ცესკო-ზე ზეწოლის სურვილი და პოლიტიკური ნება ჰქონოდა, ამას მანამდე გააკეთებდა და მეორე ტურამდე არ მიიყვანდა საქმეს. „ქართული ოცნება" არის რეალურად დემოკრატიული ძალა, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან", რომლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას გამოსვლა იყო მათთვის სასურველ დროს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მიზნით ცესკო-ზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბითა და დემოკრატიულობის ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პერმამენტულად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, არჩევნების პროცესში მის მიმართ ზედმეტი კითხვები არ გაჩენილა", _განაცახდა გეგეჩკორმა.
მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის მიუხედავად „ქართულ ოცნებას" ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
,,გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას" ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს და „ნაციონალურ მოძრაობას" თუნდაც მცირედი წარმატების ილუზია შეუქმნას", _განაცახდა გეგეჩკორმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობა" ცესკო-ს მოუწოდებს დაასახელოს 2014 წლის ადგილობრივი არჩენების მეორე ტურის თარიღი. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ განაცხადა ხელისუფლებამ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე ზეწოლა მოახდინა და მოსთოვა, რომ არჩვნების მეორე ტური 12 ივლისს დაენიშნა, რაც შეუძლებელია.
უგულავას განცხადებას გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული შეფასებები სცდება საკანონმდებლო ჩარჩოებს.
,,მის მიერ გაკეთებული შეფასება და მოთხოვნა სცილდება საკანონმდებლო ჩარჩოებს. აქედან გამომდინარე მივმართავ ყველა საარჩევნო სუბიექტს რომ მეტი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ სარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას და არ შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაცის მუშობა ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე", _განაცხადა ჟვანიამ და აღნიშნა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა არ წარმოადგენს მის კომპეტენციას.
,,თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე. ცალსახად განვმარტვათ, რომ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება კანონმდებლობის შესაბამისად შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამრთლო დავის დასრულების შემდეგ", _განაცხადა ჟვანიამ.