ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოდან გამოსვლის სანაცვლოდ გაზზე ფასის დაკლებას სთავაზობს. პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ეროვნებას საფარად იყენებს სამხედრო გზით ტერიტორიების ხელში ჩაგდებისათვის. ამასთან ერთად გრიბაუსკაიტე ასევე ამბობს, რომ მას არ სჯერა იმისა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეიჭრება, ვინაიდან ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ნატოს წევრები არიან და ეს მათი დაცვაა. განცხადებები ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა „ფოკუსთან" საუბარში გააკეთა.
„ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში არსებულ ზოგ პოლიტიკოსთან მიდის მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ თუ ისინი გამოვლენ ნატოდან უფრო იაფ გაზს ან ნავთობს მიიღებენ",_ განაცხადა გრიბაუსკაიტემ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა გახდეს და მან ენერგობაზრის დივერსიფიცირება უნდა შეძლოს, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებისათვის „საკმაოდ სარისკოა" იყვნენ დამოკიდებულნი რუსეთის ენერგორესურსებზე.