17 ივნისს, 16:00 სთ-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმოამდგენლებისთვის გაიმართება ჭადრაკის „ერთობლივი თამაშის" სეანსი, რომელსაც გაუძღვება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი- ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი). ანტუანეტა სტეფანოვა საქართველოს მსოფლიოს ქალთა გრან-პრის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
ჭადრაკის „ერთობრივი თამაშის" სეანსი ქართველი მოჭადრაკის, საერთაშორისო დიდოსტატის ზურაბ აზმაიფარაშვილის წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ტარდება. ზურაბ აზმაიფარაშვილი მონაწილეობას იღებს 2014 წლის აგვისტოში დაგეგმილ ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნორვეგიის ქ. ტრომსოში ჩატარდება. არჩევნების პარალელურად, გაიმართება 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებელი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.
ღონისძიებაზე მოწვეული დიპლომატებისთვის ჭადრაკის სეანსის პარალელურად გაიმართება ზურაბ აზმაიფარაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.