საიამ 18:00 საათის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები წარმოადგინა. როგორც სიას თავმჯდომარემ კახა kოჟორიძემ განაცახდა მიიღესინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ ზუგდიდის #42-ე უბანზე სოფლის რწმუნებულს საარჩევნო ბიულეტენები ჰქონდა. საიას დამკვირვებლის მიერ გადამოწმებულ იქნა ეს ინფორმაცია და გამოირკვა, რომ აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრმა ირაკლი კერზაიამ რამოდენიმე ასეული საარჩევნო კონვერტი იპოვა, რომელიც შავ პარკში გახვეული აღმოჩენილ იქნა იმ საჯარო სკოლის დარბაზის გვერდით, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. არის ვარაუდი, რომ კონვერტები გასული პერიოდის არჩევნებისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი. მიმდინარეობს ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება.
კოჟორიძის განმარტებით, ხულოს 27-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა ჯაბა ანანიძემ (TV 25-ის ჟურნალისტი) საჩივარი წარადგინა საუბნო საარჩევნო კომისიაში, რამაც დამკვირვებლის მიმართ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მხრიდან აგრესია გამოიწვია. დამკვირვებელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არსებობდა ფიზიკური შეურაცხყოფის ალბათობა. აღნიშნულის გამო საიას დამკვირვებელი იძულებული გახდა საარჩევნო უბანი დაეტოვებინა. საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მისივე განმარტებით, კასპის #17 უბანზე საუბნო კომისიაში საიას დამკვირვებლის საჩივარი არ დაარეგისტრირეს. დამკვირვებელს უარი განუცხადეს საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობაზე და განუცხადეს, რომ ასეთი აქტი უბანზე არ იყო.
ხოლო სამგორის 114-ე უბანზე (სპეცუბანი) სადამკვირვებლო ორგანიზაციის ,,კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ნანა მინასიანი ხელს უშლის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას და ცდილობს დაძაბულობის პროვოცირებას. ამასთან იგი ხაზს უსვამს, რომ თითქოს მის მიმართ კომისიის წევრების მხრიდან ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას ეთნიკური ნიშნით. როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებთან განაცახდა ზოგიერთ ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ გავლენის მოხდენას ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა რამოდენიმე უბნზე (ვაკის მე-3, 30-ე , 23-ე, 59-ე 80-ე, 36-ე, საბურთალოს 56-ე, 57-ე და 59-ე).
ამასთან საიას ინფორმაციით, ფიქსირდება საარჩევნო სუბიექტის სახელით უშუალოდ კანდიდატების კენჭისყრის შენობაში ყოფნისა და არჩევნების დაკვირვების ფაქტები. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში აქვს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს, რაც დარღვევას წარმოადგენს. სიღნაღის #1 და #30 უბნებზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებად თავად კანდიდატები არიან წარმოდგენილი. ანალოგიური შემთხვევებია გორში (8 შემთხვევა) და საბურთალოზე.
კოჟორიძის განმარტებით, მარნეულის #26 უბანზე ამომრჩეველი აწარმოებდა აგიტაციას „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. ხოლო რუსთავის #27 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველს 2 საარჩევნო ბიულეტენი სახლში გაატანა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველმა მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენი ჩადო კონვერტში და ისე მოათავსა საარჩევნო ყუთში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი შეიტანა. მთაწმინდის #2 საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრებმა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად მთელი დღის განმავლობაში გადაცვალეს. აღნიშნულ ფაქტზე საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 71 საჩივარი და 77 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.