აჭარის მთავრობის მეთაური ბათუმის მერობის შტაბის განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ არჩევნებში ხმის სანაცვლოდ გონიოს მოსახლეობას მიწების დაბრუნებას დაპირდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ მაქვს სურვილი აგონიაში მყოფი ოპონენტების პროვოკაციას ავყვე, მაგრამ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საჭიროდ ვთვლი გამოვეხმაურო გოჩა გუგუნავას განცხადებას, თითქოს გონიოს მოსახლეობას მიწების დაბრუნებას დავპირდი არჩევნებში ხმის მიცემის სანაცვლოდ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 13 ივნისს უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად მართლაც შევხვდი გონიოს მოსახლეობას მათივე თხოვნით და კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ სამთავრობო კომისია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მხოლოდ შესწავლისა და საბოლოო დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათ მოთხოვნებზე რეაგირება. არანაირი საუბარი არჩევნებზე და დაპირება მიწების დაბრუნებაზე არ ყოფილა. რაც შეეხება ოპონენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, ისიც ადასტურებს, რომ საუბარი არჩევნებს არ ეხებოდა"- აცხადებს არჩილ ხაბაძე.
შეგახსენებთ, რომ გოჩა გუგუნავას შტაბის წევრების კოალიცია "ქართული ოცნების" მისამართით ბრალდებებს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ 38-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ფული გადასცა. მათ ამის შესახებ ვიდეო მასალაც გაავრცელეს.