ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გააცნო ინფორმაცია. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1,188,215-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34,64% -ია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო - 39%.
ეკა აზარაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.
ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ უკვე საბოლოო, 20:00 საათის მონაცემებს, ცესკო 20:30 სთ-ზე გამოაცხადებს.
ცესკოს სპიკერმა ასევე შეახსენა ამომრჩევლებს, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩა 2 საათზე ნაკლები და კიდევ ერთხელ მოუწოდა - მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი.