"ამ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე შეიძლება ითქვას, რომ იგი ბევრად უარეს გარემოში ჩატარდა ვიდრე 2010, 2012 და 2013 წლებში", აღნიშნულის შესახებ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აკეთებს.
ბარამიძის განმარტებით, კანდიდატები იძულებულები გახდნენ კანდიდატურები მოეხსნათ.
„ამდენი პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრება, პროკურატურისა და სხვა საგამოძიებო ორგანოების მიერ ოპონენტი პარტიების წარმომადგენელთა მიმართ საქმეების აღძვრა და დაშინება, რის გამოც უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის, უკვე დარეგისტრირებული, კანდიდატები იძულებულები გახდნენ მოეხსნათ კანდიდატურები და ბოლოს საარჩევნო სიებში მკვეთრად გაზრდილი პრობლემები და გაყალბების მცდელობის ფაქტები არის შედეგი ივანიშვილის დაპირებული "გასაკვირი დემოკრატიის" მშენებლობის წელისა და რვა თვის განმავლობაში უნიათო და უპრინციპო მთავრობის პროცესისა!
სამწუხაროდ, ყოველივე ეს დიდ ზიანს აყენებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ პროგრესსა და უსაფრთხოებას.
ეს დარღვევებით სავსე არჩევნები დაგვაზარალებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომი პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და NATO- ს მომავალ სამიტზე MAP-ის მიღების პერსპექტივის თვალსაზრისითაც"- აცხადებს ბარამიძე.