„ჩვენმა ოპონენტებმა უკვე დაიწყეს მმართველი კოალიციის მიერ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი"- აღნიშნულის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ჯი-ეიჩ-ენი" კოალიციის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, ჩვენმა ოპონენტებმა უკვე დაიწყეს მმართველი კოალიციის მიერ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი, მაშინ როდესაც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ასეთი ფაქტები და სერიოზული დარღვევები დაფიქსირებული არ არის.
კვლევებზე დაყრდნობითა და საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვიყავით ჩვენს გამარჯვებაში. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ენდობა საკუთარ მოსახლეობას და პირველად საქართველოს ისტორიაში, დაუშვა 12 მერისა და 59 გამგებლის პირდაპირი არჩევა, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევა, კორექტირება გაუკეთა საარჩევნო სიებს და საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები გამოიყენა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები, ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ სრულად გამოეყენებინათ ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით გარანტირებული და სახელმწიფო უწყებების მიერ უზრუნველყოფილი დემოკრატიული და კონკურენტული გარემო, თავისუფალი მედია, ისინი რატომღაც ალაპარაკდნენ არარსებულ დარღვევებზე, რითაც მმართველი კოალიციისა და მთლიანად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.
ამის ნათელი მაგალითია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა მარნეულში ადგილი ჰქონდა ე.წ. „კარუსელის" შემთხვევას. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" სწორედ მარნეულში თქვა უარი საკუთარ ინტერესებზე და გამგებლობის კანდიდატურა ოპოზიციის სასარგებლოდ მოხსნა, რათა თავიდან აეცილებინა ეთნიკური დაპირისპირების მცდელობაც კი. შესაბამისად, იმ რაიონში, სადაც კანდიდატი არ გვყავს, გონიერებას მოკლებულია „ქართული ოცნების" გაყალბებაში დადანაშაულება.
ასევე, ჩვენი მთავრობის აქტიურობითა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ინტერესით, არჩევნებს აკვირდება 30-ზე მეტი საერთაშორისო და 50-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია, დიპლომატიური კორპუსი, რაც გამორიცხავს „ქართული ოცნების" ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ პროცესების მიკერძოებულ შეფასებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონკურენტებს, თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისაგან და ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე"- აღნიშნულია განცხადებაში.