ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში მარნეულის რაიონში განვითარებულ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. როგორც საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა ,,ქართული ოცნების" შტაბს დისციპლინა აკლია.
"დისციპლინა აკლია "ქართული ოცნების" შტაბს, თუმცა ესეც დემოკრატიულობაა. ასე გადაწყვიტა შტაბმა და ესეც ნორმალურია. ესეც მაჩვენებელია თუ გნებავთ იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა. მადლობა ღმერთს, რომ სასამართლომ დამოუკიდებლობა აჩვენა. მეც მქონდა შეკითხვები არ დაგიმალავთ. არ მქონდა დიდი კმაყოფილება მაგრამ ყველაფერი დალაგდა. არ არსებობს ხელისუფლება და არ არსებობს მთავრობა, რომელსაც შეცდომები არ მოსდის. მაგრამ არ უნდა მოსდიოდეს დიდი შეცდომები და ეს არ უნდა იყოს კატასტროფა", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში ,,ნაცმოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი გამგებლობის კანდიდატობიდან თავდაპირველად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოხსნა და მიზეზად საჭირო პროცედურების დარღვევა დაასახელა. მოგვიანებით ცესკო-მ ,,ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით განკარგულება ძალაში დატოვა. შემდეგ ,,ნაცმოძრაობამ" ცესკოს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის სარჩელი დააკმაყოფილა და იგი გამგებლობის კანდიდატად დატოვა. მოგვიანებით „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ურჩია მარნეულში გამგებლობის საკუთარ კანდიდატს მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რის შემდეგ მერაბ თოფჩიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.