„ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდან, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს"- აღნიშნულის შესახებ განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების" პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გააკეთა.
„მოგეხსენებათ, დღეს, 15 ივნისს, საქართველო ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს ახალი წესით ირჩევს. წლევანდელი არჩევნები თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა - წელს პირველად, თბილისის გარდა, პირდაპირი წესით აირჩევა 11 თვითმმართველი ქალაქის მერი, გაცილებით მეტი მანდატია გასაცემი მაჟორიტარული და პროპორციული სისტემითაც, არჩევითი გახდა მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაც. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერის ინიციატივით, 50 %-მდე აიწია.
თბილისის გარდა, მერის არჩევნები იმართება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.
ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდან, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაფიქსირებულია რამდენიმე ინციდენტი: მარტვილში გაიტაცეს საარჩევნო ყუთი და ბიულეტენები, თუმცა ბიულეტენები უკვე ნაპოვნია და საარჩევნო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. ანაკლიაში საარჩევნო უბანში 2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შევიდნენ და დააზიანეს საარჩევნო უბნის ინვენტარი. ამ უბანზე საარჩევნო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებზე შსს-მ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება დაიწყო.
დარწმუნებული ვართ, ყველა შესაბამისი უწყება ამ ფაქტებთან დაკავშირებით ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში ჩაივლის.
დამკვირვებელთა მიერ სხვა სერიოზული ტიპის დარღვევები თბილისსა და რეგიონებში არ ფიქსირდება, თუმცა ზოგიერთ ოპონენტს აქვს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი. მაგ: ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახელით, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს ერთგვარი მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიუვიდათ. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციასაც, მათ შორის კოალიციის ლიდერებსა და მათ ახლობლებზე საარჩევნო ტემპერატურის აწევისა და ამომრჩევლისა და დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით. შეგახსენებთ, მიმდინარე არჩევნებს აკვირდება 50-ზე მეტი ადგილობრივი და 30-ზე მეტი უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ასევე არჩევნებს თვალს ადევნებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შესაბამისად ოპონენტთა მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება აზრს მოკლებულია.
რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტივობა ნორმალურია. მიუხედავად ამისა, მოვუწოდებთ ამომრჩეველს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ და ქვეყნის მომავალს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობა"- აღნიშნა გეგეჭკორმა.
მასალის გამოყენების პირობები