კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ კოალიციის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი კოალიციის სახელით, კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, გადადონ ყველა საქმე და მობრძანდნენ არჩევნებზე.
„სხვადასხვა გამოკითხვებითა და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, ჩვენი კოალიცია ელის სერიოზულ წარმატებებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. მარტვილი გახლავთ ის რაიონი, სადაც წინასწარი გამოკითხვებით ჩვენს კოალიციას არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს. სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო დარღვევები, როდესაც გუშინ სოფელ დოშაყეში მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მოსახლეობისთვის დაერიგებინათ ფქვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ფქვილის მიღების მსურველები მათთვის არასაკმარისი რაოდენობის აღმოჩნდნენ, როგორც ჩანს მიიღეს სხვა გადაწყვეტილება და ნიღბიანმა პირებმა ღამის 2-3 საათამდე გაიტაცეს N.16 უბნის ბიულეტენები. გატაცებული ბიულეტენი ნაპოვნია ნაგავსაყრელზე, რის გამოც ამ რაიონში არჩევნები ჩაიშალა.
იმედია ხელისუფლება მიმართავს პრევენციულ ზომებს, რათა დროულად იქნას აღკვეთილი მსგავსი ფაქტები და მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება თავისუფალ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემისა", აღნიშნა ბარამიძემ.