არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება კიდევ ერთი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისათვის", - აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" უჩა ნანუაშვილის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"სამართლიანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითრების პროცესის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია და მისი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება კიდევ ერთი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისათვის. ამ არჩევნებზეა დამოკიდებული რამდენად ქმედითი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა; შესაბამისად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნების თავისუფალ გარემოში გამოვლენა.
საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია შედარებით დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თითოეული მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობას საარჩევნო პროცესში და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობა გაუწიოს არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებების დაცვას.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს უშუალოდ ხმის მიცემისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესს. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური მობილური ჯგუფები 15 ივნისს - მთელი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში მონიტორინგს გაუწევენ არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება.
არჩევნების დღეს დაინტერსებულ პირებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე - 2913814/15"- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.