ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირის ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და რეფორმებზე ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანდრას სიმორთან. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისგან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
,,ევრობანკი სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას აპირებს, რათა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომპანიების მიერ გასაწევი სამუშაოები სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაფინანსდეს. ეს დაეხმარება ქართულ კომპანიებს, რომ ადვილად შეძლონ ევროპის ბაზრის მოთხოვნებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ევროპის ბაზარზე ექსპორტი განახორციელონ. მაკროეკონომიკური სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევრო და სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისთვის სპეციალური დახმარება 51 მილიონი ევროს ოდენობით. ასე, რომ პაკეტი საკმაოდ სერიოზულია", -''განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკის მოდერნიზაცია რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს და ქართული საწარმოები ევროპის ბაზარზე გათვალისწინებულ სტანდარტებს მიუახლოვდეს.