ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება არის ის საფუძველი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ბუნებრივი პროცესია და მთავრობა მზად არის, განუხრელად მისდიოს ამ კურსს.
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ევროკავშირთან ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპია, რომლითაც ევროინტეგრაცია საქართველოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტი ხდება.
„ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს უმაღლესი დონის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. ეს განაპირობებს ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკურ ზრდას, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების უპირობო გარანტიებსა და დაცვას. პირველ რიგში, ეს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას; ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ამდენად, ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებით გამოყო სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს შექმნის კუთხით მიღწეული პროგრესი. მისი განმარტებით, შემუშავებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020", რომლის ძირითადი მიზანია ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო სახელმწიფო პროგრამას - „აწარმოე საქართველოში", რომელიც, მისი განცხადებით, ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და ხალხის მატერიალურ კეთილდღეობას მოიტანს.
„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ინვესტიციებისთვის. ევროკავშირთან ვაჭრობა, რომელიც თავისუფალია ტარიფებისა და ტექნიკური ბარიერებისგან, მნიშვნელოვანი სტიმულია ქართული ბიზნესისთვის, რომ გააფართოოს და განავითაროს საქმიანობა. ბიზნესის განვითარება, თავის მხრივ, ქვეყანაში შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ხალხის კეთილდღეობას", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირს ამ მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის შეფასებით, ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს.
„ამიტომ, მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და ზუსტად იგივე შესაძლებლობები გეძლევათ, ისარგებლოთ ყველა სიკეთით, იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს პროექტს „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შესახებ", რომლის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 80 მილიონ ევროს გამოუყოფს.