საქართველოში სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. ევროპელმა კანონმდებლებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ქართველ კოლეგებთან გამართეს. ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის და ავსტრიელი პარლამენტის წევრების შეხვედრის დროს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის ის საკითხები, რომლებიც გამოცდილების გაზიარებას, საკომიტეტო მუშაობას, გენდერულ საკითხებს და ოპოზიცისა და მმართველი გუნდს შორის ურთიერთობებს შეეხება.
„ავსტრიას განვიხილავთ როგორც ძალიან საიმედო პარტნიორს და ჩვენ მეგობარ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკას. ავსტრია არის გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერი, რომელიც ჩვენი დევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას შეეხება. ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის დღევანდელი ვიზიტი კი არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ურთიერთობების გაღრმავების. საპარლამენტო დელეგაციის შემდეგი ვიზიტი ალბათ უკვე ავსტრიის დედაქალაქში გაიმართება, სადაც პრაქტიკულ საკითხებზე ვიმუშავებთ, რომლებიც როგორც ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე გამოცდილების გაზიარებას შეეხება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ორმხრივი ურთიერთობები და ეუთოს საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს საქმიანობის საკითხები განიხილეს ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის წევრების და ქართველ პარლამენტარების შეხვედრისას. მხარეები შეთანხმდნენ რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობა უფრო ეფექტურად და შედეგიანად გაგრძელდეს. ავსტრიელ კოლეგებს საქართველოს მხრიდან თედო ჯაფარიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი წერეთელი, ანი მიროტაძე და მარიამ საჯაია შეხვდნენ. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ავსტრიის პარლამენტში მიმდინარე წელს შეიქმნა, საქართველოს პარლამენტში კი ანალოგიური ჯგუფი წლებია ფუნქციონირებს და მას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს.