10 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პოეტის, მთარგმნელის, პროზაიკოსის, დრამატურგის, ესეისტის, გრიგოლ აბაშიძის რჩეული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება.
კრებულში შესულია უნგრელი პოეტის, რევოლუციონერ-დემოკრატი შანდორ პეტეფისა და ფრანგული აღორძინების ეპოქის მშვენების, ჩამომავლობით უნგრელი პოეტის, პიერ რონსარის ნაწარმოებების თარგმანები. ღონისძიება გრიგოლ აბაშიძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მას ცნობილი მწერლები, პოეტები და გრიგოლ აბაშიძის ოჯახის წევრები დაესწრებიან. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კომპოზიტორი გიორგი შავერდაშვილი.
გრიგოლ აბაშიძის რჩეული თარგმანები ერთ კრებულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
მწერალს თარგმნილი აქვს მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებებიც.
1984 წელს გრიგოლ აბაშიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. ფრანგი პოეტის პიერ რონსარის თარგმანისთვის 1985 წელს პოეტს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია გადაეცა. 1994 წელს იგი „ღირსების ორდენით" დაჯილდოვდა. ამავე წელს ლექსების უკანასკნელი კრებულისათვის- „არყოფნისაკენ" პოეტსა და მთარგმნელს შოთა რუსთაველის სახლობის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ აბაშიძის ძეგლი შანდორ პეტეფის მშობლიურ ქალაქ კიშკოროშში მდებარე სახლ-მუზეუმის ეზოშია აღმართული (ძეგლის ავტორი - მოქანდაკე თეზი ასათიანი).
მასალის გამოყენების პირობები