აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან და სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან.
„გაერთიანებული სამეფოს დიდი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნებიან. ავღანეთში 457 მათგანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაიჭრა და ისინი ყველა უდიდეს მეომარს შორის იყვნენ. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაწყვეტა შეუძლებელია. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებს უზარმაზარი გულითა და სულით, არავის ჩამოუვარდება, აშშ-ს გარდა. ჩვენ ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით. პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისათვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და მას შეურაცხმყოფელი და შემაძრწუნებელი უწოდა.
„პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამებს შეურაცხმყოფლად და გულწრფელად შემაძრწუნებლად მივიჩნევ. არ მიკვირს, რომ ამან ასე გაანაწყენა ისინი, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ. მე რომ ასე ცუდად გამომსვლოდა, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდიდი“, – განაცხადა სტარმერმა ვიდეომიმართვისას.