ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შოთა მალაშხია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებას, მათ შორის ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება და სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მომავალში ორივე ამ ოკუპირებულ რეგიონში დაძაბულობის ზრდას ელის და ანექსიის ბოლომდე ანუ რუსეთთან მიერთებამდე მისვლას არ გამორიცხავს.
მალაშხია სააგენტოსთან საუბრობს გალის ტერიტორიაზე დამატებითი ეთნოწმენდის შესაძლო მოწყობაზე და რუსეთთან მიერთების თვალსაზრისით - სრული ანექსიაზე.
შოთა მალაშხია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის რაც ცხინვალის რეგიონში ხდება არ შეიძლება ამას არჩევნები ეწოდოს, ვინაიდან, საერთაშორისო სამართლით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
„იმას რაც ხდება ცხინვალის რეგიონში არ შეიძლება ამას არჩევნები ეწოდოს, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ მარიონეტული ხელისუფლება და სხვა ხელისუფლება არ არსებობს, ამიტომ ჩვენი პოზიცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა",_ აცხადებს მალაშხია და ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ორივე რეგიონში მომავალში გაკეთდება ის, რაც ოკუპანტს სურს და განვითარდება იმ თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობა ოკუპანტისათვის იქნება ხელსაყრელი.
„არა მარტო ცხინვალის რეგიონში არამედ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, ხედავთ, რომ არსებობს მოსახლეობის უკმაყოფილება კრიმინალის, კორუფციის, ეკონომიკის განუვითარებლობის გამო. ამ მდგომარეობას რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებს. იქ მოჰყავთ უფრო პრორუსი ხელისუფლება, მოსკოვისთვის უფრო დამჯერი ხელისუფლება და ამის მეშვეობით უნდათ დაძაბულობის შემოიტანა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ერთ შემთხვევაში ეს იქნება შემდგომში, მაგალითად გალის ტერიტორიაზე დამატებითი ეთნოწმენდის მოწყობა. ხოლო რაც შეეხება ორივე რეგიონისთვის ტენდენციას, ეს იქნება - ცხადია სრული ანექსია, მიერთების თვალსაზრისით",_ აცხადებს შოთა მალაშხია და დასძენს, რომ სავარაუდოდ მალე დადგება აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი.
„პუტინის გეგმა, რომელსაც იგი არც მალავს, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამას ის ევრაზიის კავშირს ეძახის. არის მისი გამონათქვამები სადაც ის ლაპარაკობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და ამას აკეთებს ის საქართველოში, ამას გააკეთებს ის უახლოეს მომავალში იგივე ყარაბაღთან დაკავშირებით ბაქოსა და ერევანს შორის სიტუაციის დაძაბვით, ამისთვის მოითხოვს ალბათ რკინიგზის აღდგენას რასაც ეთანხმებოდა ივანიშვილი და ზაქარეიშვილი. ეს რკინიგზა რუსეთს სჭირდება იმისათვის, რომ მოამარაგოს ერევანში არსებული რუსული სამხედრო კონტიგენტი.
ეს მთელი სისტემაა, რომელიც ექვემდებარება პუტინის იმპერიულ ამბიციებს და დაძაბულობა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იგივე უკრაინის მიმართულებითაც ანუ ეს მთელი სქემის შემადგენელი ნაწილია ამიტომ აქ მარტო რეფერენდუმის კონტექსტიდან მოწყვეტით განხილვას აზრი არ აქვს",_ აცხადებს შოთა მალაშხია.
მისივე თქმით, რუსეთთან შეერთება საქართველოს არც ერთი ოკუპირებული რეგიონისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„როგორც თავიდან ავღნიშნე, ეს არის მარიონეტული ხელისუფლება და რასაც უბრძანებს ოკუპანტი იმას გააკეთებს და გააკეთებს იმას და იმ თანმიმდევრობით რა ბრძანებაც იქნება ოკუპანტის მიერ გაცემული.
ველი ორივე ოკუპირებულ რეგიონში დაძაბულობას, რკინიგზის აღდგენას იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შემდგომში საქართველოს ორიენტაციას ნატოში და ევროკავშირისკენ. რუსეთს დოქტრინაში უწერია, რომ მის საზღვრებთან მიახლოება ნატოსი და ევროკავშირის მისთვის წარმოადგენს საფრთხეს და დაიწყება კიდეც ამ საფრთხის საწინააღმდეგო ქმედებები.
ის პოზიცია რაზეც „ოცნება" ლაპარაკობდა და დღესაც ლაპარაკობს, რომ ის აუხსნის რუსეთს, რომ არ შეიცვლის კურსს და შევა ნატოში და ევროკავშირში და ასევე კონსტრუქციულ რეჟიმში იქნება რუსეთთან - ეს არის სრული ბოდვა. რუსეთს დოქტრინაში უწერია, რომ მიახლოება ნატოსი ან ევროკავშირისა მისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ამის ახსნა რუსეთისათვის ვერ მოახერხა ვერც ნატომ და ვერც ევროკავშირმა და ამას როგორ მოახერხებს ივანიშვილ-ღარიბაშვილი ეს წარმოუდგენელია",_ აცხადებს შოთა მალაშხია, თუმცა იმედს იტოვებს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს თავისი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას.
„ალბათ ეს ყველაფერი ვერ განხორციედება, იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროკავშირმა, ნატომ, დიდმა შვიდიანმა ცალსახად დააფიქსირა ის თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში რეალურად.
ეს უფრო ადრე 2008 ში რომ დაეფიქსირებინათ და ეთქვათ ის რაც იყო საქართველოში, რომ ეს იყო ოკუპაცია, მაშინ უკრაინაში ყირიმის ანექსიას პუტინი უკვე ვერ გაბედავდა",_ აცხადებს შოთა მალაშხია „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.