,,ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მომხდარ ინციდენტებს გმობს და ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. ამის შესახებ, აღნიშნულია სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" ემიჯნება და გმობს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის ბოლო დღეებში რეგიონებში მომხდარ ინციდენტებს. კოალიციამ გამოიჩინა კეთილი ნება და გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო პროცესში მთელი სიის დანარჩენი შემადგენლობის დატოვების შესახებ. ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეიჭრნენ მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში და მასზე ზეწოლა მოახდინეს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოს გამწვავებას, რასაც, დარწმუნებულები ვართ, შესაბამისი უწყებები არ დაუშვებენ და ყოველ კონკრეტულ ფაქტს შეისწავლიან და მოახდენენ სათანადო რეაგირებას. „ქართული ოცნება" მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას", - ნათქვამია განცხადებაში.