დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ის ვალდებულებები იყო, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. როგორც თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, შეხვედრისას მათ იმის თაობაზეც იმსჯელეს, თუ რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს ევროკავშირმა საქართველოს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. გიორგი მარგველაშვილმა და თომას ჰამარბერგმა, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ამ მხრივ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
„პრეზიდენტთან ძალზე კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ასევე ვიმსჯელეთ როგორ უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია და რა სახით გააგრძელებს ევროკავშირი საქართველოს დახმარებას. შემდგომ უკვე გვექნება თანასწორი ურთიერთობა, როგორც ორ ევროპულ მხარეს. ასე რომ, ისტორია არ მთავრდება ამ ხელშეკრულების ხელმოწერით, პირიქით, დაიწყება მჭიდრო ურთიერთობისა და ორმხრივი მხარდაჭერის ახალი ერა", - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მხარეებმა ყურადღება საქართველოში მაღალი რანგის პირთა ვიზიტების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს.
გიორგი მარგველაშვილისა და თომას ჰამარბერგის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.