სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღეს უვადო პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ადასტურებს. მისი განცხადებით, , პროტესტის უკიდურეს ფორმას რუსთავის მე-6 და გლდანის მე-8 დაწესებულების ის მსჯავრდებულები მიმართავენ, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებასა და საკუთარი საქმეების გადახედვას ითხოვენ. ამ ეტაპზე მოშიმშილე პატიმართა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
სოზარ სუბარის განცხადებით, მას ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ ქონდა, რომ პატიმრები შიმშილობის დაწყებას დღეიდან აპირებდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში გამოჩნდება, აქციაში რამდენი ადამიანი ჩაერთობა.
"უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილება და შეღავათი უვადო მსჯავრდებულებისთვის გაკეთდა, იმიტომ რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ჩაიდო მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუკი ადრე შეწყალების კომისიას მათი საქმეების განხილვის უფლება 25 წლის შემდეგ ქონდა, ახლა 15 წლის შემდეგ აქვს. კომისიამ უკვე განიხილა ყველა უვადო პატიმრის საქმე და იქ ჩაიწერა კურიოზული გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეეხოთ ამნისტია. მათ ქონდათ უვადო პატიმრობა, მოაკლდათ სასჯელის მეოთხედი და დარჩათ ისევ უვადო პატიმრობა. სრულიად გასაგებია, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. თუ არაფერი შეიცვლებოდა, საერთოდ რატომ განიხილავდა სასამართლო ამ საკითხს. ეს სასამართლოს მხრიდან კურიოზი იყო",- განაცხადა მინისტრმა.