2014 წლის 2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ვითარების შემდგომი ესკალაციის არდაშვების მიზნით. აქვე ქართული მხარემ დასძინა, რომ რეგულარულად აწვდის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ინფორმაციას მოვლენების განვითარების თაობაზე. აღინიშნა, რომ საკითხი განხილული იქნება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დიდიე ბურკჰალტერთან, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, საქართველოში მისი ვიზიტის დროს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები. ქართულმა მხარემ გაუზიარა ბრიტანულ მხარეს მოსაზრებები 2014 წლის 4-5 სექტემბერს დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით.