„რაც უფრო მეტი იქნება მსგავს ნაბიჯები და რაც უფრო მეტი იქნებიან ხაჯიმბასნაირი მოღვაწეები, მით უფრო მიუახლოვდება საქართველო თავისი ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას",_ აცხადებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას სააგენტო ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.
„მე ვფიქრობ, რომ დღეს საერთოდ უნიკალური შანსი გაჩნდა. ამ მოვლენების შედეგად აფხაზური საზოგადოება შეიძლება დარწმუნდეს, რომ ერთადერთი ნავსაყუდელი აფხაზური ეთნოსისა და თვითმყოფადობისთვის, აფხაზური მომავლისთვის - არის საქართველო და არა ხაჯიმბა და რუსეთი და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ცდილობს მიერთებას რუსეთთან.
ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო - ის რაც სოხუმში ხდება ეს უკვე პირდაპირი ნაბიჯებია. იქ რუსეთის ძალიან მაღალი ჩინოსნები არიან ჩასულნი, რომლებიც კოორდინაციას უკეთებენ ამ პროცესებს - ეს ცალსახაა",_ აცხადებს ხაინდრავა.
მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად მადა აქვს გახსნილი.
„მადა გაეზარდა რუსეთს და უკრაინის ამბების მერე ძალიან იშტაზე მოვიდნენ, მაგრამ ეგრე არ არის საქმე მაგათ, რომ ჰგონიათ. მაგათ ჰყავთ ერთი ლიტერატურული გმირი კოზმა პრუტკოვი, რომელიც ამბობდა, რომ: „Никто не обнимет необъятного", აი მაგათ უნდათ „объять необъятное" და ეგრე არ გამოვა რა",_ აცხადებს ხაინდრავა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ამჟამად მიმდინარე პროსების სწორად გააზრება შეიძლება დიდი ქართულ-აფხაზური შერიგების წინაპირობა გახდეს.
„თუ ეს პროცესები ქართულმა მხარემ და სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ პირველ რიგში სწორად გაიაზრა, მათ შეიძლება ძალიან დადებითი გავლენა იქონიონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. მაგრამ ძალიან ჭკუით უნდა ვიყოთ და ძალიან მოზომილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ის ულტრანაციონალური გამოხტომები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკას ახასიათებს უნდა დამთავრდეს.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ულტრანაციონალური გამოხტომა ისეთ სათუთ საკითზე, როგორიც არის ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ეს არის რუსული საქმის კეთება. ამიტომაც იმედია ქართველი პოლიტიკოსები ენას კბილს დააჭერენ ახლა და შეეცდებიან, რომ თავისი უგუნურებით არ ავნონ იმ პროცესებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც შეიძლება ქართულ-აფხაზური დიდი შერიგების წინაპირობა იყოს",_ აცხადებს გოგა ხაინდრავა „ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში.