ENPARD-ის დახმარებით აჭარაში: ქედაში, შუახევსა და ხულოში საერთო ჯამში 16 ათას მ/ კვ-ზე კაკლისა და მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები გაშენებული.
როგორც ENPARD Ajara -ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე განმარტავს, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია გაერთიანება და კოოპერატივების მეშვეობის წარმოების ზრდა, რადგანაც ერთობლივი ძალებით წარმოების პოტენციალიც იზრდება.
სწორედ ENPARD Ajara -ს დახმარებით, შუახევში სოფელ ბუთურაულში შექმნილი კოოპერატივი პირველ მოსავალს დაახლოებით 4 წელში მიიღებს. თუ დღეს ველური მოცვის რეალიზაცია ფერმერს 2 ლარის შემოსავალს აძლევს, გაყინული და დაფასოებული მოცვიდან რეალურად 30 ლარის შემოსავლის მიღება შეუძლია, ეს იმ ფონზე, როდესაც მოცვის შემდგომ გადამუშავებაში ფერმერს აგროსერვის ცენტრები დაეხმარებიან, რაც პროდუქციის ღირებულებას მაქსიმუმ 5 ლარამდე გააძვირებს.
„მოცვს მიმდებარე სოფლებში ადრე ტყეში ველურად კრეფდნენ. ნედლი მოცვის ღირებულება არ აღემატება 2 ლარს, ხოლო მისი შენახვის ვადა - 2 -3 დღეს. დანაკარგი ამ პერიოდში არის დიდი, რადგანაც მისი ლპობა ხდება ძალიან სწრაფად. თუ კი რომელიმე დიდ სუპერმარკეტში შეხვალთ და გაყინულ მოცვს მოითხოვთ, ნახავთ, რომ ნახევარი კილო დაფასოებული, გაყინული მოცვი 15 ლარი ღირს, ანუ კილო ღირს 30 ლარი. ცხადია მოცვის გაყინვა, დაფასოება საბოლოო პროდუქციის ფასს ზრდის, მაგრამ არაუმეტეს 5 ლარისა. რეალურად ფერმერმა მინიმუმ 2 ლარისა, შესაძლოა 20 -25 ლარის დამატებითი სარგებელი მიიღოს"- აღნიშნულის შესახებ განცხადება ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რომლებიც აჭარაში მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ტურის ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD)ფარგლებში შექმნილი აგროსერვისცენტრების საქმიანობას გაეცნენ და სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერეს.
როგორც სოფელ ბუთურაულში განთავსებულ კოოპერატივში განმარტავენ, ENPARD -ის დახმარებით მათ მოცვი 3000 მ/ კვ-ზე გააშენეს, სადაც 1000 ძირი მოცვის დარგვა მოხდა. ფერმერების ინფორმაციით, 1 ძირი მოცვი 5 -7 კგ ნაყოფს იძლევა, რის საფუძველზეც ისინი წელიწადში საშუალოდ 5 ტონა მოცვის მოსავლის მიღებას ვარაუდობენ. მოცვი მოსავალს
30 -40 წლის განმავლობაში იძლევა, რის შემდეგაც მათი განახლება მოხდება. სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა, მიწის შესწავლა/ დამუშავება, წვეთოვანი სარწყავი სისტემების დამონტაჟება, მულჩირება და სხვა დაახლოებით 6 ათასი ლარი ჯდება.
ENPARD Ajara -ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ მათი მხრიდან იდგმება თანმიმდევრული ნაბიჯები იმისაკენ, რომ აჭარაში ნაწარმოები პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს, რაც თავის მხრივ შესაბამისი სანიტარული წესების დაცვებით განხორციელდება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას აჭარაში.
სამწლიანი პროექტის პარტნიორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისი .
ENPARD - აჭარას მთავარი მიზნებია აჭარაში სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდა, მცირე ფერმერთა, როგორც სოფლის მეურნეობის მთავარი დასაყრდენის, გაძლიერება, და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:
• ფერმერების საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურების განვითარება;
• ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა მცირე ჯგუფების მხარდაჭერა;
• კოოპერატიული ასოციაციებისა და სარგებელზე დაფუძნებული სხვა ტიპის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება.
ENPARD აჭარას სრული ბიუჯეტი შეადგენს 3,3 მლნ ევროს, აქედან 3 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო დანარჩენი 300 000 ევრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წილია.
"ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშეა, არის ის, რომ პატარა მიწებზე ეფექტური სოფლის მეურნეობა ავაწყობინოთ ჩვენს ფერმერებს. ამის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ ტრადიციული სოფლის მეურნეობის კულტურები, რომელსაც ეს ხალხი შეეჩვია და მოჰყავს წლების განმავლობაში, ჩავანაცვლოთ გაცილებით მაღალი რენტაბელობის პროდუქტებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, რომელიც სამი ადგილობრივის მიერ შექმნილი კოოპერატივის ფარგლებში მოეწყო", - აცხადებს ENPARD Ajara -ს მენეჯერი.
თუმცა ვიდრე კულტურის გაშენება მოხდება, სპეციალისტები ახორციელებენ მიწის ნიადაგობრივი თვისებების შესწავლას _ კონსულტანტები მიდიან ფერნერებთან, იღებენ ნიადაგის ნიმუშს, განსაზღვრავენ მჟავნიანობას, კალციუმის თუ სხვა ელემენტების შემადგენლობას და ამის შემდეგ იძლევიან რეკომენდაციას, რა კულტურას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა იმ კონკრეტულ მიწაზე.
ENPARD -ის პროექტის ფარგლებში მხოლოდ პირველადი წარმოების ხელშეწყობა არ ხდება. ფერმერები საკუთარი პროდუქციის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ხილის საკონსოლიდაციო საწარმოში შეძლებენ, სადაც აჭარაში მოწეულის პროდუქციის გაშრობა და დასაწყობება იქნება შესაძლებელი.
„საწარმოო ჯაჭვი გულისხმობს პროდუქციის გადამუშავებას, გაშრობას და გაყინვას. ეს ყველაფერი კეთდება ფერმერებისა და წარმოების ხელშეწყობისთვის. ჩვენთან მოვა ფერმერი, რომელიც ჩვენის მხრიდან ყოველგვარი მოგების გარეშე, შეძლებს საკუთარი პროდუქციის გადამუშავებას, დაფასოებას, შენახვას"- აცხადებს ა( ა) იპ „აგროსერვის ცენტრის" დირექტორი გოჩა ბერიძე.
როგორც ა( ა) იპ „აგროსერვის ცენტრი" განმარტავს, რომ ფინანსურად გამართლებული იქნება, თუ გლეხი პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ სეზონზე არ მოახდენს, რადგანაც არასეზონზე პროდუქციის ღირებულება საგრძნობლად იზრდება და ფერმერიც უფრო მეტ მოგებას მიიღებს.
ბერიძის განმარტებით, მათ უკვე გაუკეთეს შეთავაზება იმ ფერმერებს, რომელთაც მარწვი მოყავთ, რომ საკუთარი პროდუქცია შესანახ მაცივრებში განათავსონ და რამდენიმე თვის შემდგომ განახორციელონ მისი რეალიზაცია.
მისივე ინფორმაციით, დღეს ფერმერი მარწყვს 3 ლარად ყიდის, ხოლო მისი დასაწყებებისა და შენახვის შემდეგ 1 კგ მარწყვის თვითღირებულება 3,25 ლარი იქნება და ფერმერიც უფრო ძვირად შეძლებს მის რეალიზაციას.
თუმცა რეალურად ფერმერთა ნაწილმა შეთავაზება არ ან ვერ მიიღო, რაშიც პრობლემა მათი მოსავლის სიმცირეა, რადგანაც მაცივარში მინიმუმ 9 ტონა პროდუქციის დასაწყობება უნდა მოხდეს. ამიტომაც ა( ა) იპ „აგროსერვის ცენტრის" დირექტორი გამოსავალს კოოპერატივების შექმნაში ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამა (EMPARD) 2013 წელს დაიწყო და მისი ღირებულება მთლიანობაში 40 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 15 მილიონი ევრო გადაეცა 4 კონსორციუმს, რომლებსაც 150-მდე მუნიციპალიტეტში 65-მდე კოოპერატივის შექმნის ვალდებულება აკისრიათ.