სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან, მაილსერვერებთან, ავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის და ავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირების შესაძლებლობას აძლევს. ,,ჯი-ეიჩ-ენი" სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს სახალხო დამცველი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ვ" ქვეპუნქტის პირველი წინადადების და მეორე წინადადების სიტყვების - „აღნიშნული მიერთების შედეგად...", ასევე „ზ" ქვეპუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ვ" და „ზ" ქვეპუნქტები პირდაპირ ზემოქმედებენ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღება-გადაცემის ისეთ სფეროებზე, რომელიც უშუალოდ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება).
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. „მუდმივი მიერთება", სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი და საინფორმაციო ბანკების კოპირების შეუზღუდავი უფლება გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირებისა და დაცვის სივრციდან გასული და შეუზღუდავი უფლება, მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი კომუნიკაციის და პირადი მონაცემების დაცულ სფეროზე, ანუ, პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე და ახორციელებენ მის მუდმივ მონიტორინგს, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის კონტროლის ან ამ ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმს.
სარჩელის დასაბუთების მიხედვით, სადავო ნორმით დაცული არ არის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისადმი კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის სადავო დებულებებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები არ საჭიროებს სასამართლოს სანქციას. კანონი ასევე, არ უთითებს ოპერატიული ორგანოების მიერ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების თაობაზე, რაც სახალხო დამცველის აზრით, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, ახლებურად დაარეგულიროს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული დებულებები. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი", _აღნიშნულია განცხადებაში.