პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც თავის მხრიოვ ხუთ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ესენია: ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონები.
ცვლილებების პაკეტს კენჭისყრაზე მხარი 97 -მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე, უმცირესობას პროექტის მიმართ შენიშვნები ისევ ქონდა, თუმცა აცხადებდნენ, რომ კანონში შესატანი ცვლილებების მხარდაჭერას მაინც აპირებდნენ.
ოპოზიციის მთავარი შენიშვნა კანონპროექტის იმ ნაწილს უკავშირდება, რომლის მიხედვით, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები" პირველ ნოემბრამდე ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩება.
პროექტი პლენარულ სხდომაზე ორი კვირის წინაც იყო გატანილი, თუმცა მაშინ, კვორუმის არარსებობის გამო, პირველი მოსმენით კენჭისყრა ჩავარდა.
ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, საკითხი, რომელიც ეხება ე.წ. გასაღებს, აღანიშნულთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა სამუშაო ჯგუფსა და კომიტეტებს შორის, რომ მას კანონმდებლები მოგვიანებით დაუბრუნდებიან.
"თუ ვალდებულების ტვირთი არის გადასული სახელმწიფოზე, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა რომ უკანონო მოსმენები არ იყოს, ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა და ვალდებულება, შესაბამის უფლებამოსილებასთან ერთად არსებობს. თუმცა, თუ არის საჭირო დამატებითი პრევენციული მექანიზმის ჩადება, კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ"- განაცხადა ბესელიამ.
უმცირესობის წევრის სერგი რატიანის თქმით, ამ კანონით მთავრობა და ხელისუფლება ამბობს, რომ იგი გააგრძელებს, როგორც მოქალაქეების, ისე პოლიტიკური ოპონენტებისა და უმაღლესი თანამდებობის პირების მოსმენას.