დმანისში საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" პარტიული სიას გაუქმების საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს.
,,ხელისუფლებამ საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფორმა დაიწყო - ზეწოლა უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებზე, რათა მათ „საკუთარი სურვილით" უარი თქვან კანდიდატებაზე. ზეწოლა მომდინარეობს, როგორც მაჟორიტარული წესით ასარჩევ, ასევე პარტიული სიის კანდიდატებზე. სამართალდამცავების მხრიდან მიმდინარეობს პირდაპირი მუქარა, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს ჩაუდებენ იარაღს ან ნარკოტიკულ საშუალებას და დააპატიმრებენ, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები დაკარგავენ სამსახურს და აიძულებენ დაწერონ განცხადება.28 მაისის მდგომარეობით, „საკუთარი სურვილით" კანდიდატებაზე უარი განაცხადა უკვე 11 პირმა.ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობაა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ქვემო ქართლში ამ პროცესს ხელმძღვანელობს სამხარეო პოლიციის უფროსი ლევან კვიციანი, რომელიც პირდაპირ აძლევს დავალებას რაიონების პოლიციის ხელმძღვანელებს ზეწოლა განახორციელონ დარეგისტრირებულ კანდიდატებზე", _განაცხადა გოგორიშვილმა.
მისივე განცხადებით, ზეწოლა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს დმანისის რაიონში. როგორც გოგორიშვილმა განაცხადა აღნიშნულ პროცესს დმანისის პოლიციის უფროსი ალექსანდრე გიგანი ხელმძღვანელობს.
,,დმანისში კანდიდატებზე ზეწოლის პროცესს ხელმძღვანელობს დმანისის პოლიციის უფროსი ალექსანდრე გიგანი. სამართალდამცავების აქტიურობის შედეგად კანდიდატებაზე უარი განაცხადეს საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის ოთხმა წარმომადგენელმა: სტამბულ ყურბანოვი (პარტიული სიის N13. 23.05.2014), შახვადინ კოჯაევი (პარტიული სიის N15. 26.05.2014), ალმაზ რამაზანოვი (პარტიული სიის N17. 28.05.2014) და ელმურაზ გასანოვი (პარტიული სიის N20. 28.05.2014). დმანისში კანდიდატებზე ზეწოლა გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ორი ადამიანი განაცხადებს უარს კანდიდატებაზე, საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიას გაუქმების საფრთხე დაემუქრება, რაც უდავოდ წარმოადგენს ხელისუფლების ჭეშმარიტ მიზანს. მივმართავთ ხელისუფლებას, კონკრეტულად ბატონ კვიციანს და ბატონ გიგანს, შეწყვიტონ კანდიდატების დევნა, მათზე ზეწოლა და შანტაჟი!
მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს - სასწრაფოდ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი ზემოქმედება", _განაცხადა გოგორიშვილმა.