მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ გააჩნია უფლებამოსილება მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას.
„2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას აკისრია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს ნიშნავს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის ჩანაცვლებას საპარლამენტო მმართველობის სისტემით, სადაც პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და ეს უფლება პრეზიდენტიდან პრემიერმინისტრზე გადადის.
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისათვის და საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების დასადებად ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტმა არ მიმართა მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ გააჩნია უფლებამოსილება მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მით უმეტეს, აღნიშნული უფლებამოსილება, თუნდაც ერთჯერადად გადასცეს სხვა თანამდებობის პირს.
საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, რომ აღნიშნული სახის ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ასევე, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას.
მთავრობამ 22 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერმინისტრი. ამასთან, კონტრასიგნაციის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოდგენილია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინადან საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ." - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ერთჯერადად საქართველოს პრემიერმინისტრისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ გააკეთა.