27-30 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიზიტს განახორციელებს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაეროში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და გაეროს წევრ ქვეყანებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები. მინისტრი გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენელებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე და, ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე 68-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ. გაეროში მაია ფანჯიკიძე შეხვედრას გამართავს ორგანიზაციაში აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელთან სამანდა პაუერთან.
ვაშინგტონში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე გამართავს სამუშაო შეხვედრებს. კერძოდ მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნურლანდს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ მიღებას დაესწრება.