ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად გასამგზავრებელი ქართული დელეგაციისა და მისი შემადგენლობის საკითხი ჯერ განხილული არ არის.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რა დელეგაცია იქნება საქართველოს მხრიდან ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა.
აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, იქნება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციის შემადგენლობაში.
ფანჯიკიძის თქმით, დელეგაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები სავარაუდოდ, ბერლინში ვიზიტის შემდეგ გაიმართება.
"დელეგაციასთნ დაკავშირებით კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა, არც მთავრობის შიგნით და არც სხვა დონეზე. შესაბამისად, ჯერ ვერაფერს გეტყვით. ახლა ვართ კონცენტრირებული 1-2 ივნისს გერმანიაში გასამართ ვიზიტზე, სადაც პრემიერი არის მიწვეული. სავარაუდოდ, ამ ვიზიტის შემდეგ უკვე დადგება ბრიუსელის დელეგაციის საკითხი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერა 27 ივნისს, ბრიუსელში არის დაგეგმილი.