თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მისთვის უფლებამოსილების აღდგენის პროცედურის დაწყების მიზნით მიმართავს. ამის შესახებ, უგულავამ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
,, სამსახურში აღდგენა ჩემთვის თვითმიზანი არ არის. აქ საუბარია ა პრინციპზე. ის რაც არ გეკუთვნის, ის რაც უკანონოა, უზნეოა, მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს, ანდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, განსაკუთრებით სასამართლო, რომელიც ამ უზნეობის ჩადენას სასამართლოს არ შეარჩენს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას.
საკონსტიტუციო სასამრთლომ დაადგინა, რომ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერებას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას.
გიგი უგულავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ხალხის მიერ მერების არჩევას აზრი მიეცა, რადგან პროკურატურა, სურვილისამებრ, ვერ გადააყენებს მათ.